ყაზახეთი

რუსეთმა ყაზახეთიდან ОДКБ-ს ძალების გაყვანა დაასრულა

TASS

რუსეთმა ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მისიის ფარგლებში საკუთარი ძალების გაყვანა დაასრულა. ბოლო ოთხი სამხედრო თვითმფრინავი ნურ-სულთანიდან და ალმაათიდან გაფრინდა. გამოცემა Interfax-ის თანახმად, ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთში დაბრუნდნენ სამშვიდობოების ბოლო ქვედანაყოფები და მათი მეთაურებიც. რუსეთის ძალებს ყაზახეთში ანდრეი სერდიუკოვი ხელმძღვანელობდა.

"სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დასრულდა." – თქვა სერდიუკოვმა.

მისი თქმით, სამშვიდობოებმა დასახული მისია შეასრულეს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალებმა ყაზახეთის დატოვება გასულ კვირას დაიწყეს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. მთელ ქვეყანაში სანაგნებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე – დემონსტრანტები. გენერალური. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაიღუპა 225 ადამიანი. მათ შორის 19 უშიშროების სამსახურის წევრი იყო.

ყაზახეთის მოვლენებსა და შიდა პოლიტიკურ დაპირსპირებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად.

კომენტარები