სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ინსპექტორის სამსახური: ვეტო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი

შსს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ინსპექტორის სამსახური განცხადებაში ასევე წერს, რომ კანონის მიღებითა და ძალაში შესვლით გაუქმდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე იყო ორიენტირებული.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ვეტოს დაძლევის თაობაზე, გამოთქმული იყო მყარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის მეტი სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის.

ამასთან, მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდგომ, პარლამენტს ექნებოდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო და გადაესინჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა, ფართო დისკუსიის საფუძველზე განეხორციელებინა რეალურ რეფორმაზე ორიენტირებული კანონის მიღება", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 13 იანვარს, პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტო არ დაადო

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  

კომენტარები