საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლი ძირითადად აღდგა

Yan Blagov, Associated Press

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თანახმად, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში კონსტიტუციური კონტროლი აღდგენილია და სიტუაციას ადგილობრივი მთავრობები აკონტროლებენ.

მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, თოყაევის ბრძანებით, სამხედროებს მომიტინგეებისთვის სროლა გაფრთხილების გარეშე შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, ყაზახეთში დაპირისპირების დროს 3 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, ხოლო გარდაცვლილ მომიტინგეთა რიცხვი 26-ია.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 60-ზე მეტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

როგორც ცნობილია, ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლის მოპოვებისას სამართალდამცველებმა ათეულობით მომიტინგე მოკლეს.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტიყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო. რია ნოვოსტი წერს, რომ ყაზახეთში რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით მიმდინარეობს. 

ასევე, ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ. 

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა.

კომენტარები