სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

კობახიძე საელჩოზე: ასეთი განცხადებები არყევს ხალხის ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ

იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე აშშ-ს საელჩოს განცხადება არასამართლიანია და მასში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა. მისი თქმით, განცხადებაში, შეიძლება, "ადამიანური შეცდომებიც" არის დაშვებული.

"რაც შეეხება უშუალოდ განცხადების შინაარსს, აქ არის არაერთი უზუსტობა. ანუ მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება. არის უზუსტობები, მათ შორის, ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, ის, რომ საუბარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, რაც არასწორია. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა. სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და კომპეტენციები არათუ არ შემცირებულა, პირიქით, მთლიანობაში, ჯამურად გაფართოვდა ამ სამსახურის უფლებამოსილება. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც მაგალითად დაშვებულია ამ განცხადებაში". - ამბობს კობახიძე IPN-ის ცნობით. 

მისივე თქმით, პარტნიორებისგან რჩევების მისაღებად და გასათვალისწინებლად მუდამ მზად არიან, თუმცა, "სამწუხაროდ, გამონაკლისი შემთხვევებიც არის"

"არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ". -ამბობს კობახიძე. 

აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების მესამე მოსმენით მხარდაჭერას და სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა. საელჩოს თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის განგარიშვალდებულებას, ასევე მიაყენა ზიანი ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და კიდევ უფრო შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ.


30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესმე მოსმენით დაამტკიცა. 

პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 7 დეპუტატი იყო. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

კომენტარები