რუსეთი-უკრაინა

რუსეთის მოთხოვნით იტალიაში უკრაინელი რეჟისორი, ევგენი ლავრენჩუკი დააკავეს

ევგენი ლავრენჩუკი

იტალიაში, ნეაპოლში რუსეთის მოთხოვნით ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის ყოფილი მთავარი რეჟისორი ევგენი ლავრენჩუკი დააკავეს. ინფორმაცია მედიას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეგ ნიკალაენკომ დაუდასტურა.

ლავრენჩუკი 17 დეკემბერს დააკავეს. იტალია რუსეთში მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავს.

საინიციატივო ჯგუფის Free Eugene Lavrenchuk-ის (თავისუფლება ევგენი ლავრენჩუკს) წევრის მარიანა გუდიჩ-პალის ინფორმაციით, მას რუსეთში ფინანსურ დარღვევებში ედება ბრალი.

"მინდა ყველა მეგობარს და ნაცნობს შევატყობინო, რომ 2021 წლის 17 დეკემბრიდან ევგენი ლავრენჩუკი რუსეთში მისი ექსტრადირების მოთხოვნით იტალიაში დაკავების იზოლატორშია. რუსული მხარის განცხადებით, ევგენიმ 8 წლის წინ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას, სავარაუდოდ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ახლა იტალიური მხარე რუსეთის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას განიხილავს" - წერს გუდიჩ-პალი.

მისი თქმით, საქმის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მათ შორის რატომ დააკავეს ლავრენჩუკი მაინცდამაინც ახლა და რატომ არ არის ამ საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები ხელმისაწვდომი.

მოსკოვის სასამართლოში გამოცემა TASS-ს უთხრეს, რომ ლავრენჩუკი მსხვილი თაღლითობის ბრალდებით დაუსწრებლად დააპატიმრეს. საქმის დეტალები სასამართლოს არ დაუზუსტებია.

რეჟისორს კონტაქტი აქვს იტალიაში უკრაინის საკონსულოსთან და ადვოკატთან.

ევგენი ლავრენჩუკი ლვოვში დაიბადა. 2003 წელს მან თეატრალური ხელოვნების რუსული აკადემია დაამთავრა, შემდეგ კი პოლონეთში მარია კიური-კლოდოვსკაიას სახელობის უნივერსიტეტში ქორეოგრაფიის უმაღლესი კურსი გაიარა. 2018-2021 წლებში ის ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა. 2020 წელს მან ლესია კურბასის სახელობის პრემია მიიღო, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ჯილდოა. 2021 წელს ის უკრაინის დამსახურებული არტისტი გახდა.

კომენტარები