რუსეთი-უკრაინა

რუსეთის პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის ნაკრების გამოსვლა არ აჩვენა

უკრაინის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე

რუსეთის პირველმა არხმა, რომელიც რუსეთში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს აშუქებს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს უკრაინის ნაკრების გამოსვლა არ აჩვენა.

სტადიონზე უგანდის ნაკრების გამოსვლის შემდეგ, რომელსაც უკრაინის ნაკრები მოჰყვებოდა, პირველმა არხმა ტრანსლაცია შეწყვიტა და რეკლამა გაუშვა.

არხის პრესსამსახურის განმარტებით, ტრანსლაციის შეწყვეტა კომერციული ვალდებულებების შესრულებისთვისაა აუცილებელი.

"სპორტსმენების მარში თითქმის ორ საათს გრძელდება, კომერციული ვალდებულებების შესრულებისთვის გადაცემა რეკლამისთვის რამდენჯერმე წყდება" - ამბობს პირველი არხის პრესსამსახური.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის დროს პირველი არხი უკრაინის ნაკრების მონაწილეობის დასაწყისს, ქვეყნის ჰიმნის შესრულების ნაწილს არ აჩვენებდა და რეკლამას უშვებდა.

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს გაიხსნა. თამაშებში 206 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს ქვეყნების ნაკრებები სტადიონზე ანბანის მიხედვით გამოდიან. ტოკიოს ოლიმპიადის შემთხვევაში, ქვეყნების იაპონური დასახელების მიხედვით. გამონაკლისია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ყოველთვის პირველი გამოდის და მასპინძელი ქვეყნის ნაკრები, რომელიც ბოლო გამოდის.

კომენტარები