სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია ოცნებაზე: დაფიქრების შანსი კიდევ აქვთ, რომ გადაწყვეტილება ბოლომდე არ მიიყვანონ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ეხმიანება საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით ქართული ოცმება ძირს უთხრის მთავრობის ანგარიშვალდებულებას. 

თოლორაია TV პირველთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილების შესაცვლელად დრო ჯერ კიდევ აქვს. თოლორაიას თქმით, მას პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს. 

"ხაზგასმულია ის ძირითადი ყურადსაღები გარემოებები, რასაც ასევე მეც ვამბობდი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამერიკის ელჩმა, საელჩომ ეს ასე ხმამაღლა დააფიქსირა. ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ მე შენ გეხმარები დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში და არა ნგრევაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი, მინდა მჯეროდეს, რომ ბოლო წერტილი, რაღაც არსებობს და კიდევ ერთხელ დაფიქრების შანსი ამ ადამიანებს აქვთ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მიყვანილი არ იქნეს".- ამბობს თოლორაია. 


30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესმე მოსმენით დაამტკიცა. 

პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 7 დეპუტატი იყო. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

 

კომენტარები