საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის, NATO-ს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური ან სახელმწიფოების ეროვნული სიმბოლოების შებღალვა 1000-ლარიანი ჯარიმით დაისჯება.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილება დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს. ინიციატივას მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა.
კანონპროექტი, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს დამტკიცდა, აგვისტოში წარადგინეს. ეს კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივა იყო.
აგვისტოში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დამატებოდა შესაბამისი მუხლი, რომელიც ასეთი ქმედებისთვის გამოიწვევდა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევდა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის წარდგენამდე, 21 ივლისს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო 6 ივლისს პუტინისტი ორკების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხევის ფაქტი და ამასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებების შეტანა. შეხვედრის შემდეგ, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ შესაძლოა ევროკავშირის ან პარტნიორი სახელმწიფოს დროშის შებღალვაზე სასჯელი დაწესებულიყო.
აღნიშნულ კანონპროექტს, ჯერ კიდევ აგვისტოში, ეწინააღმდეგებოდნენ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.





