სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ნორვეგიის ელჩი: შეშფოთებული ვარ ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესით

Norwegian Embassy in Tbilisi / Facebook

საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდერსენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება და პროცესის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"შეშფოთებული ვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესითა და ყველა თანამშრომლის გათავისუფლების გამო. ვთხოვთ პარლამენტს ინკლუზიურ და გააზრებულ მიდგომას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიეცეს საშუალება და უფლებამოსილება, შეასრულოს მისი მოვალეობა, როგორც ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და საქართველოს დემოკრატიის შენაძენი". – წერს ანდერსენი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

კომენტარები