რუსეთი

"რუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს" – ბლინკენი უფლებადამცველი ორგანიზაციის დახურვაზე

ენტონი ბლინკენი
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა რუსეთში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაიხუროს უფლებადამცველი ჯგუფის მემორიალი.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით დაიხუროს საერთაშორისო მემორიალი, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პატივსაცემი კვლევითი და ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია. ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო მემორიალის მკვლევრები დაუღალავად შრომობდნენ რათა გამოერკვიათ საბჭოთა რეპრესიების მილიონობით მსხვერპლის სახელები და ისტორიები, ხელს უწყობდნენ ისტორიულ სამართლიანობას. საერთაშორისო მემორიალის დახურვა მოჰყვა ერთი წლის განმავლობაში რუსეთში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მედიისთვის და პროდემოკრატიული აქტივისტებისთვის სივრცის შემცირებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მათ ვინც გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის რეპრესიის სამიზნე გახდა.

დღესასწაულების დროს ჩვენი განსაკუთრებულად ვფიქრობთ მათზე, ვინც რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით გისოსებს მიღმაა. ასევე შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის მცდელობას დახუროს საერთაშორისო მემორიალის შვილობილი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების მემორიალის ცენტრი. საერთაშორისო მემორიალის და ადამიანის უფლებების მემორიალის ცენტრი დევნა მათი კეთილშობილი მისიის და მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამცირებაა. რუსი ხალხი და საბჭოთა რეპრესიების მილიონით მსხვერპლის ხსოვნა უკეთესს იმსახურებს." – წერია ბლინკენის განცხადებაში.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მემორიალის დახურვის გადაწყვეტილება გუშინ, 28 დეკემბერს მიიღო. პროკურორების თანახმად, ჯგუფი სისტემატურად ამბობდა უარს ორგანიზაციის საიტსა და გამოქვეყნებულ მასალებზე "უცხოეთის აგენტის" მონიშვნის გაკეთებაზე. მემორიალის თანახმად, ამის საჭიროება არ არსებობდა და უცხოეთის აგენტის კანონი დამოუკიდებელ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებაა.

მემორიალი ბირთვულმა ფიზიკოსმა, დისიდენტმა და ადამიანის უფლებების აქტივისტმა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ანდრეი სახაროვმა დააფუძნა. ორგანიზაციის მიზანი იყო სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთში ადამიანის უფლებები დაეცვა და საბჭოთა პერიოდის რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები გამოეაშკარავებინა.

გლასტნოსტის შემდეგ მემორიალს წამყვანი როლი ეკავა სტალინის პერიოდის რეპრესიების და დანაშაულებების გამოაშკარავებაში, მათ შორის 1940 წელის კატინის ხოცვა-ჟლეტის.

გასულ თვეს მიხეილ გორბაჩოვმა და გამოცემა ნოვაია გაზეტას რედაქტორმა და 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა დმიტრი მურატოვმა მომეორიალის დახურვასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტის საფრთხეებზე ისაუბრეს.

ნოემბერში პოლონეთის, ლიტვის ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებმა ორგანიზაციის დასახურად მიმართული მოქმედებები დაგმეს. ჯგუფის მხარდამჭერ პეტიციას 138 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლოს შენობასთან მემორიალის 200-მდე მხარდამჭერმა აქცია გამართა.

ჯგუფის მხარდამჭერების აზრით, კრემლი ორგანიზაციის მიმართ წარსულის კვლევის გამო არის არაკეთილგანწყობილი. იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით საბჭოთა წარსულის, მათ შორის სტალინის მკაცრი პოლიტიკის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, ტოტალიტარული წარსულის კვლევა მემორიალს კრემლის მოწინააღმდეგეთა რიგებში აყენებს.

მას შემდეგ რაც თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემა უფრო და უფრო ავტორიტარული გახდა, მემორიალის ყურადღება სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დარღვევების გამოაშკარავებაზე გადაერთო.

ორგანიზაცია ჩეჩნეთის ომებში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს იკვლევდა. მემორიალის გამოძიებების შედეგები ცუდად აისახა რუსეთის არმიის, ჩეჩენი სეპარატისტების და რამზან კადიროვის პრორსული ძალების იმიჯზე. 2009 წელს მემორიალის ადგილობრივი წარმომადგენელის ნატალია ესტემიროვას მკვლელობა მიჩნეული იყო, რომ ჯგუფისთვის სამაგიეროს გადახდა იყო.

2014 წელს მემორიალი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც "უცხოეთის აგენტის" კანონის სამიზნე გახდა.

კომენტარები