რუსეთი

რუსეთის მთავრობა ადამიანის უფლებების უმსხვილესი ორგანიზაციის, MEMORIAL-ის დახურვას ცდილობს

ვლადიმირ პუტინი
ფოტო: telegraph.co.uk

რუსეთის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, Memorial International-ის აკრძალვას და დაშლას გეგმავს. 

DW-ს ინფორმაციით, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ Memorial-ის საქმის განხილვა გააგრძელა და მოსალოდნელია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა ორგანიზაციის დახურვასთან დაკავშირებით. 

ორგანიზაცია 1989 წელს ნობელის პრემიის ლაურეატის, ანდრეი სახაროვის მიერაა დაფუძნებული და მისი ძირითადი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვაა. გარდა ამისა, Memorial-ს დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების კვლევასა და არქივების შექმნაში.

Memorial-ის რიგებში წლების განმავლობაში ასობით აქტივისტი, პოლიტპატიმარი და მთავრობის კრიტიკოსი იყო, მათ შორის, ალექსეი ნავალნი. 

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, Memorial-ი ტერორისტებისა და ექსტრემისტების მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წელს ორგანიზაცია ოფიციალურად შევიდა ე.წ. უცხოური აგენტების სიაში. 

სასამართლო პროცესის პარალელურად, რუსეთის ქუჩებში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც მოქალაქეები პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შეჩერებას მოითხოვდნენ. 

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ევროპელი კანონმდებლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 15 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესს და რუსეთის მთავრობის განზრახვას ორგანიზაციის აკრძალვის შესახებ. 

"Memorial-ი თავდასხმის ქვეშაა, რადგან ის სტალინის წარსულში და პუტინის აწმყოში ჩადენილ დანაშაულებს ინახავს. რუსეთი, სტალინის სისასტიკის ყველაზე დიდი მსხვერპლი, პოსტიმპერიული ნოსტალგიით იტანჯება. Memorial-ი იცავს ისტორიულ სიმართლეს, ადამიანის უფლებებს და რუსეთის დემოკრატიული მომავლის შესაძლებლობებს". – ამბობს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

კომენტარები