ღამის კლუბები

კულუმბეგოვი კლუბების გახსნაზე: ძალიან საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგვი ამბობს, რომ კლუბების გახსნა ქვეყნისთვის "ძალიან საზიანო" იქნება, ამიტომ, მისივე სიტყვებით, სახელმწიფომ მათთვის კომპენსაციის მიცემაზე უნდა იფიქროს, რათა "საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაწესებულებები გაიხსნას".

"ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის წარმატებული ვაქცინაციის და პანდემიის მართვის ქვეყნებმაც კი უკან შემოაბრუნეს შეზღუდვები. ამიტომ, ეს სრულიად ალოგიკური იქნება, ქვეყანამ ომიკრონის, ამ ცუნამისა და ქარიშხლის წინ მისცეს შესაძლებლობა ასეთი მაღალი ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების ყოველკვირეულად გამართვის. ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. 

მესმის ეკონომიკური რისკები ძალიან მაღალია ბიზნესის დაზიანების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ძალიან სერიოზულ კომპენსაციაზე, რომ მათ საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ ეს დაწესებულებები გაიხსნას". - ამბობს კულუმბეგოვი.  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კლუბების გახსნის, "ასეთი თამამი გადაწყვეტილების" მიღების დრო არ არის.  

22 დეკემბერს ღამის კლუბების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი ამბობენ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, წინა კვირიდან ამ კვირაში გადადებული ღონისძიებები ჩატარდება და რომელიმე კლუბის დალუქვის შემთხვევაში მწვავე პროტესტს მიმართავენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს თქვა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.

17 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონიშზიებების ჩატარება ნებადართული არაა. მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადაიდოს.

19 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული. საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები, სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. 


ქვეყანაში ოფიციალურად კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები