ღამის კლუბები

"კანონი ამბობს, რომ აკრძალულია ღონისძიებების ჩატარება" – საბჭო კლუბების გახსნაზე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის ცნობით, საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ღიბრაძის თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაფიქსირდა ომიკრონის შტამი, მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმის, რომ ჩვენთანაც მოხდეს ამ ვირუსის გავრცელება მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით არ არის. არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით.

ტენდენციაც რომ ვნახოთ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო, იქაც შეზღუდვები და გაუქმებები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია ვიცით ამის შესახებ და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას არ მოუხდენია რეაგირება". – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

17 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონიშზიებების ჩატარება ნებადართული არაა.

მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადაიდოს.

19 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები, სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. 

კომენტარები