კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: საქართველოში ომიკრონის 24 შემთხვევა არის დადასტურებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში სულ ომიკრონ შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

"ჩვენთან დღეს უკვე ომიკრონის 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. ყველა ინფიცირებული ვაქცინირებულია". - ამბობს გაბუნია. 


კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახალი ვარიანტის შემთხვევები ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა. თუმცა ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უკვე უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 

კომენტარები