ღამის კლუბები

გაბუნია კლუბების გახსნაზე: ასეთი თამამი გადაწყვეტილების დრო არაა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კლუბების გახსნის, "ასეთი თამამი გადაწყვეტილების" მიღების დრო ჯერ არ არის. გაბუნია მიზეზად კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების რისკს ასახელებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების შემსუბუქებიგან თავი უნდა შევიკავოთ და საკოორდინაციო საბჭოც ამ პოზიციას იზიარებს.

"ამ პირობებში, როდესაც ჩვენ ომიკრონის ტალღას ველოდებით, ვადევნებთ თვალს ევროპაში როგორ მკაცრდება ყოველდღე მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით. ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება დავუშვათ ახალი გახსნები, მაგალითად, კლუბებთან მიმართებაში. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილება მივიღოთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ომიკრონის რისკი ძალიან რეალურია. ცოტა დრო გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს, როგორც გართობის, ისე სოციალური და სხვა აქტივობის მიმართულებას. რისკი ომიკრონს უკავშირდება, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს". – ამბობს თამარ გაბუნია IPN-ის ცნობით.

22 დეკემბერს ღამის კლუბების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი ამბობენ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, წინა კვირიდან ამ კვირაში გადადებული ღონისძიებები ჩატარდება და რომელიმე კლუბის დალუქვის შემთხვევაში მწვავე პროტესტს მიმართავენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს თქვა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.


17 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონიშზიებების ჩატარება ნებადართული არაა.

მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადაიდოს.

19 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები, სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. 


ქვეყანაში ოფიციალურად კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები