პოლიტიკური კრიზისი

სუბარი ჩხოროწყუს საკრებულოზე: ოფიციალურად გაფორმდა გახარიას პარტიის და ენმ-ის კოალიცია

სოზარ სუბარი

ქართული ოცნება ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევას ეხმიანება. სოზარ სუბარის თქმით, ნაციონალური მოძრაობის და პარტია საქართველოსთვის კოალიცია ოფიციალურად გაფორმდა. 

სუბარი ამბობს, რომ ეს ორი ძალა საერთო თამაშს თამაშობდა და გახარიას პარტია მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ენმ-ის წისქვილზე ასხამდა წყალს. 

"დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია საქართველოსთვის და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია. ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა.

რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი, ნაციონალური მოძრაობის სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ.

დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას
".- ამბობს სუბარი. 

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯომარედ გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. კენჭისყრაში ნაციონალური მოძრაობის და პარტია საქართველოსთვის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. 15 დეპუტატიდან წურწუმიას მხარი 14-მა დაუჭირა. ერთი ხმა კი გაბათილდა. ქართულმა ოცნებამ ხმის მიცემაზე უარი თქვა. 

ჩხოროწყუს ახლადარჩეულ საკრებულოში 27 დეპუტატია. ქართულ ოცნებას 12 მანდატი აქვს. ენმ-ს 7 წევრი ჰყავს, გახარიას პარტიას -7 და ლელოს ერთი. 

კომენტარები