პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

ბოკერია: ზურაბიშვილმა რომ რიტორიკულად სწორი რამ თქვა, ოპტიმიზმის საფუძველი ვერ გახდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შერიგების პროცესის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მოწვევის შემთხვევაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქმიან შეხვედრაზე მივა. 

მისივე თქმით, ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული რიტორიკულად სწორი განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, როგორც ბოკერია განმარტავს, საფუძველი, რომ ძალაუფლების მქონე პირების დამოკიდებულება რეალურად შეიცვალა, არ არსებობს. 

"სალომე ზურაბიშვილთან საქმიან შეხვედრაზე, როგორ სკეპტიკურადაც არ უნდა ვიყო განწყობილი და ვადასტურებ, რომ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაინც, რა თქმა უნდა, წავალ, ხომ შეიძლება, ვცდებოდე, ან რაღაც მოულოდნელი მოხდა, ძალიან არარეალურ რამეს აღვწერ, მაგრამ ვცადოთ, რადგან პრეზიდენტმა ეს რიტორიკა აირჩია, ზოგადად რომ ავიღოთ სწორი რიტორიკა, ჩვენ მივალთ შეხვედრაზე, მაგრამ აუცილებლად ვთვლი, რომ ძალიან ბევრჯერ გავიმეოროთ, რომ არანაირი წინაპირობა არ გვაქვს ოპტიმიზმის და ძალიან მაკვირვებს პოზიტიური განცხადებები. 

რამ უნდა მოგვცეს საფუძველი იმის, რომ შეიცვალა დამოკიდებულება იმის, ვისაც ძალაუფლება აქვს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახლა მოქმედებს თუ არა შეთანხმებულად, ამ ვარაუდებშიც კი არ შევალ. ჩვენ გვაინტერესებს, ქვეყანაში ყველა მიმართულებით შეიცვალოს ვითარება, კატასტროფის წინაშე ვართ ყველა თვალსაზრისით - ეკონომიკა, ჯანდაცვა, კოვიდთან მიმართებით ეს უტიფარი ფეხებზე დაკიდება, ეკონომიკაში იმხელა სისტემური ზიანია, ახლანდელ გაჭირვებასთან ერთად, წლებით შეგვიქმნეს პრობლემები". - ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, ის ნაბიჯები, რასაც ბოლო პერიოდია ივანიშვილის რეჟიმი დგამს, მხოლოდ მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. 

"რა ნაბიჯებსაც დგამს ბიძინა ივანიშვილი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, არის გაუარესება. მარტო რიტორიკა კი არ არის ნაბიჯები, ის, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რიტორიკულად რამდენიმე სწორი რაღაც თქვა, ეს ვერ გახდება საფუძველი ოპტიმიზმის. სასამართლო ხელისუფლების დათმობას აპირებს ივანიშვილი? ვინმეს ჰგონია რაციონალურად რომ ეს შეიძლება ასე იყოს? მე ვერ ვხედავ, თუ ვცდები იქნება ძალიან კარგი". - ამბობს ბოკერია. 

ჟურნალისტის კითხვას, რას უნდა ნიშნავს პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი, ბოკერია პასუხობს: "მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბევრ ზღვარს გადააბიჯა საქართველოს ხელისუფლების სტანდარტისთვის თავისუფალ სამყაროსთან მიმართებაში, მაინც ის ლუკაშენკო არ არის, გზა უარესობისკენ მიდის, მაგრამ იქ არ არის. ამიტომ, რევერანსები, რაღაც პროცესის ჩვენება საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის არის". 

სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

კომენტარები