საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მისულ ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.
ზურაბიშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
ბევრი კითხვა გაისმა ამ მიღების შესახებ და მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის მიღება არის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი და მექნება მომავალ დღეებში სხვა ღონისძიებები, სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ასე იქნება გაშლილი. ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ოდენობით მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი რაღაც ერთი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა პოზიტივი არის მგონი და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის დღეს უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე.
ამდენად, ამ პროცესის დაწყება, მე მგონი, რომ არის დროული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე. მართალია, რომ ძალიან ბევრი მოვლენა იყო და ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც, პრაქტიკულად, სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო 2 ბანაკი და სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და რა, მგონი, არავის არ სურს, რომ გამეორებული დავინახოთ ამ ქვეყანაში. ეს წარსულის ფურცლები, რომლებიც დღემდე ერთად არ გაგვიაზრებია, არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს. ამდენად, საზოგადოებისთვის დროა, იგი არა მხოლოდ დაღლილია, უკვე გადაღლილი - ყველგან ისმის, რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ყველა განიცდის, არის გაუსაძლისი ყველასთვის. ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები და, პრაქტიკულად, ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, საით უნდა წავიდეთ, რომ ეს დამშვიდდეს და მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც არის ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი საკითხები - შიდა განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილი არის, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს? ამ დროს იმასაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო. ვართ რაღაცნაირად მიბჯნილი, ჩვენ შიგნით ვუყურებთ და შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ, ჩვენ ირგვლივ, ძალიან ახლოს რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეებია ეს უკვე გვავიწყდება. დროა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან - ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, იმიტომ, რომ არავის, ახალგაზრდა თუ არის და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს თავის თავში, არავის არ უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს თვითონ, რა არის მისთვის პერსპექტივა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მეც პირდაპირ ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ.
დროა ქვეყნისთვის, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ დავკარგოთ ყველა ის შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენ წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ფუნქციის მოპოვება. თუ ამ ყველაფერზე ერთად არ ვიფიქრეთ, ცალცალკე, "არა, მე ვიცი და შენ არ იცი, არა, შენ ის ხარ და ეს ხარ" მგონი, ვერსად ვერ წაგვიყვანს.
ბოლოს, დრო არის ჩემთვის, 3 წელი გავიდა, ამ პერიოდში მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ სიტყვა არ ყოფნის. ბევრი ვისაუბრე ასევე გარე ამ სიტუაციების ექსპერტებთან და ერთი საერთო დასკვნა აქვთ მათ - სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება არათუ არ ღირს, ყოველთვის ღირს, მაგრამ განკუთვნილი არის წარუმატებლობისთვის. საჭირო არის, რომ მიხვიდე ბოლომდე, დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრულიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისგან, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე ის 3 წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო, ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი ამბიცია პოლიტიკური - მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
ამ პროცესში თქვენი ყველას ჩართულობა აუცილებელია. აქ დღეს ყველა არ იმყოფება - ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის, იმიტომ, რომ არ შეიძლება, პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს. ჯერ ერთი, ჩვეულებრივი ფორმა არის და მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას არ შეუძლია, მე ამას არ ვთვლი, რომ შეურაცხყოფა და უხერხულობაა. იქნება ბევრი სხვა საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია.
ეს არის საწყისი პროცესი და მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ არ მაქვს რაღაც ჩამოყალიბებული წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე არ ექვემდებარება ცვლილებას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და ამ პროცესის პირველი ეტაპი უნდა იყოს მოსმენა. მე მოვისმინე პირველი კომენტარები და მერეც მოვისმენ, ძალიან გასაგები არის ჩემთვის, რომ მრავალფეროვანი იქნება კომენტარები, იქნება სკეპტიციზმი, იქნება კრიტიკა, უნდობლობა, ეს ჩვენი დღევანდელი ყოფის ნაწილია და ბუნებრივი ნაწილია. ეს რეაქციები მოსალოდნელიც იყო - ერთ რამეს ამტკიცებს, რომ მართლაც დროა, აქტუალურია ეს თემა, ყველასთვის სხვადასხვა ფორმით, ვინ როგორ ხედავს აქედან გამოსვლის ფორმებსა და გზას. მაგრამ ის, რომ ახლა ამის დრო არის, მგონი საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არის მოცემულობა. ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს - ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში, რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე არ არის ჩართული, შეძლოს, გაეცნოს შედეგებს და კონსულტაციების შინაარსი გაიგოს.
ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა. მე მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობა და ეს ნიშნავს, რომ წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციასა და დაპირისპირებას წარმოშობს, ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი, გასაანალიზებელი. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული. ამაზე დაიწყო გარკვევა, რომ როგორ უნდა შევურიგდე იმას, რატომ უდნა შევურიგდე. შერიგება ყველა ამგვარ პროცესებში, რაც მსოფლიოში ცატარდა, არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით. გრძელდება სიმართლის თქმით დაგაგებით, მით უმეტეს, როცა წარსულ ეხება ან აწმყოს. გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება. მე მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, იმიტომ, რომ მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი. იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, აუცილებელია, რომ შედგეს რაღაც მომენტში კონსესუსის პლატფორმა, სადაც პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს შემდეგი ეტაპი ამ საუბრების მერე.
ეს პროცესი [უნდა იყოს] უცხოელებთან ერთად, თუ ქართული ეროვნული პროცესი - მე დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ გარედან, რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა და მონდომება ჩვენი პარტნიორების, მათ არ აქვთ შიგნიდან ის გაგება ამ პროცესების, რომ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხალგრძლივი პროცესი მართონ, იმიტომ, რომ ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ასეთ შედეგებს ელოდება, არარეალისტურია. ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი, ცხადია, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ და არსებობს ბევრი მაგალითი, მოდელი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება, მხოლოდ შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც, რაღაც ეტაპზე, არაა გამორიცხული, რომ პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაღაც ფორმით გამოხატული. მაგრამ ჩვენია გადასაწყვეტი, რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩვენ ჩავთვლით, რომ პირველი გარკვევის ეტაპი დასრულდა - ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე, ახალი კანონმდებლობის მიღება, კომისიის დადგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, საზოგადოებრივი ქარტია თუ კიდევ სახალხო კრება და სხვა ფორმატი. ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება ჩვენი ისტორიიდან და წარსულიდან გამომდინარე. არავის არ აქვს დღეს ამაზე პასუხი, მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პასუხი მქონდეს დღეს და ვინმეს თავს მოვახვიო - ერთად იქნება გასარკვევი.
მთავარია, რას მოგვიტანს ეს პროცესი, თუ დავიწყეთ, წავიყვანეთ წარმატებულად რაღაც ეტაპამდე. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები, შევაფასოთ წარსული, დავხუროთ ის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება, აღარ გვაბრმავებდეს წარსული და მომავალი დავინახოთ უფრო ნათლად. ეს მოგვიტანს შინაგან შედარებით მაინც დამშვიდებას. არ ვიცი, ჩვენ თუ გვაქვს უნარი, რომ მთლიანად დავმშვიდდეთ და შეიძლება, არ იყოს საჭირო. მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად ის ნაწილი, რაც აუცილებელი არის საქმისთვის. დემოკრატიის გამყარება არის ერთ-ერთი პირველი შედეგი, უკვე კითხვის ქვეშ აღარ დგება დემოკრატია, თუ ჩვენ შევძელით ასეთი პროცესის წარმართვა, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვეყანას არ შეუძლია. რეალურად, ის, რასაც ჩვენ განვიცდით და შეიძლება, ცოტა ადრე დავიწყეთ სხვებზე, არის ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, პრაქტიკულად, ძალიან ძველ დემოკრატიულ ქვეყნებს - ვნახეთ ჩვენ თუნდაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში თუ რა დოზით და რა დონით შეიძლება გაჩნდეს უცებ დაპირისპირება და გაღვივდეს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, ამ კუთხით ერთგვარი მაგალითი გავხდეთ, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო ან, ყოველ შემთხვევაში, შეძლო პროცესის დაწყება, რასაც ბევრი დიდი ქვეყანა ვერ ბედავს, რომ იფიქროს. ცხადია, ეს არის ყველაზე ნაღდი გზა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის რეალიზებისა, მსოფლიოში და რეგიონში ახალი როლის დამკვიდრების.
ოკუპაციაზე, პრაქტიკულად, აღარ ვლაპარაკობთ - დროდადრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად გეგმა იმის, თუ როგორ დავძლიოთ, არ არსებობს. არ არსებობს რეალური გეგმა, სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც არ არის შიგნით გაერთიანებული, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის ანა-ბანა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველი უნდა იყოს მაგალითი ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, ქვეყნის, რომელმაც იცის, საითკენ მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, იმისთვის, რომ ეს ერთიანობა, პერსპექტივა დავანახოთ აფხაზებსა და ოსებს და ვაჩვენოთ, რომ ეს არის გზა, რომელიც მათაც მიიყვანთ წინ და მათაც მისცემს პერპექტივას. ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ის მინიმალური კონსესუსი შეიქმნას, რომ ერთად გავიაზროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, ეს არავის ერთ ხელში არ არის - ეს არის ერთობლივ ხელში, ერთობლივ ხედვაში. რთულია, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები. ყველაფერში არასოდეს არ ვიქნებით ერთმანეთთან თანხმობაში, ეს არის იდეალური, არარსებული ქვეყანა, სადაც ყველას ყველა თემაზე აქვს იგივე აზრი, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევძლოთ თუ არა შეთანხმება, ერთად საუბარი მაინც, იმისთვის, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ და შეიძლება ისიც მივიღოთ ან არ მივიღოთ. ეს ერთობლივი ეროვნული საუბარი, რომელიც არის ჩემი ინიციატივის საწყისი, ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლოც, რომ ჩვენ ეს ეროვნული საუბარი შევძლოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალში და ამით იქნება ეს ქვეყანა ისეთი, როგორც ჩვენ ყველას, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, გვინდა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 15 დეკემბერს ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების კურთხევა სთხოვა.
16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში არ მივიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და ლელოს წარმომადგენლები. ასევე, მიღებაზე მისვლაზე უარი თქვა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.