ვაქცინაცია

Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ბუსტერის ვადის შემცირებაზე, სავარაუდოდ, იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, NCDC-ში გაიმართა შიდა კონსულტაცა და იმუნიზაციის საბჭოზე დადგება საკითხი, ფაიზერსა და ასტრაზენეკას ბუსტერ დოზების პერიოდი შემცირებაზე. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე უსაუბრა.

"იცით, რომ ჩინურ ვაქცინებზე მეორე აცრიდან სამ თვეში შეუძლიათ გაიკეთონ ბუსტერ დოზა, ხოლო, ასტრაზენეკასა და ფაიზერზე 5 თვის შემდეგ, თუმცა, გვქონდა შიდა კონსულტაციები NCDC-ში და ალბათ დადგება იმუნიზაციის საბჭოს წინაშე საკითხი, რომ ფაირზერსა და ასტრაზენეკაზეც ბუსტერის პერიოდი ჩამოიწიოს 5 თვიდან უფრო დაბლა, რამეთუ, ბუსტერზიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია ომიკრონთან ბრძოლის". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ამირან გამყრელიძე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავენ, რათა ორჯერ აცრილი პირებისთვის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა გახდეს აუცილებელი.

საქართველოში ომიკრონით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა, მათგან ორივეს აქვთ სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია – ერთს აშშ-ში, ხოლო მეორეს დუბაიში.

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული პაციენტი იზოლირებულია და მათი 26 კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს.


კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახალი ვარიანტის შემთხვევები ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა. თუმცა ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უკვე უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 


გასულ 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.89%, ბოლო 14 დღის - 6.93%, ხოლო ბოლო 7 დღის - 6.39%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 34 238, საიდანაც 5 774 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 071 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 27 393 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 430, მათგან 314 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 910 456 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 863 076 პაციენტი და გარდაიცვალა – 13 116.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები