დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავენ, რათა ორჯერ აცრილი პირებისთვის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა გახდეს აუცილებელი. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში აცრის მოცვის მაჩვენებელი მაღალი არაა. ორჯერადი აცრის მაჩვენებელი დღევანდელი დილის მონაცემებით, 37%-ია [...] თუ გვინდა, რომ ომიკრონმა კიდევ არ გააუარესოს ეპიდსიტუაცია, რამდენიმე რეკომენდაციაა, ერთ-ერთია აცრების რიცხვის მაქსიმალურად გაზრდა.
მთავარია აქტიური ბუსტერიზაცია. ყველა ადამიანმა, რომელიც ორჯერაა აცრილი, უნდა გაიკეთოს მესამე აცრა, ბუსტერ დოზა, ეს აუცილებელი იქნება. ჩვენ შევალთ საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით, რომ ბუსტერი ორჯერ აცრილებისთვის იყოს აუცილებელი". – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაიმართა შიდა კონსულტაციები და იმუნიზაციის საბჭოზე დადგება საკითხი, რომ ფაიზერსა და ასტრაზენეკას ბუსტერ დოზების პერიოდი შემცირდეს, – "ბუსტერზიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია ომიკრონთან ბრძოლის".
საქართველოში ომიკრონით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა, მათგან ორივეს აქვთ სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია – ერთს აშშ-ში, ხოლო მეორეს დუბაიში.
NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული პაციენტი იზოლირებულია და მათი 26 კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ახალი ვარიანტის შემთხვევები ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა. თუმცა ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უკვე უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
გასულ 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.89%, ბოლო 14 დღის - 6.93%, ხოლო ბოლო 7 დღის - 6.39%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 34 238, საიდანაც 5 774 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 071 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 27 393 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 430, მათგან 314 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 910 456 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 863 076 პაციენტი და გარდაიცვალა – 13 116.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.