კორონავირუსი მსოფლიოში

Pfizer: პანდემია, შესაძლოა, 2023 წელსაც გაგრძელდეს

კომპანია Pfizer-ის ცნობით, Covid-19-ის პანდემია, შესაძლოა, 2023 წელსაც გაგრძელდეს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2024 წლისთვის Covid-19 მსოფლიოს მასშტაბით ენდემური გახდება, ანუ ვირუსის გავრცელებას პანდემიის კლასიფიკაცია აღარ ექნება. კომპანიის პროგნოზთ, "2024 წლისთვის Covid-19-ი ენდემურ მდგომარეობაში გადავა".

წარსულში აშშ-ს პირველი ინფექციონისტი, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამბობდა, რომ ვაქცინაციის წყალობით, აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2022 წელს დაუბრუნდებოდა. პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით მსგავსი პროგნოზი აქვს აშშ-ს უმსხვილეს ბანკს, JPMorgan-საც. ბანკის ანალიტიკოსების ვარაუდით, კოვიდპანდემია 2022 წელს დასრულდება და თითქმის ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ გლობალური ეკონომიკა სრულად აღდგება.

თუმცა კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელება პანდემიის გახანგრძლივების შიშს აჩენს. Pfizer-BioNTech-ი ომიკრონის საწინააღმდეგო განახლებულ ვაქცინაზე მუშაობს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, აუცილებელი იქნება თუ არა ვაქცინის განახლება. კომპანია განახლებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას, სავარაუდოდ, იანვარში დაიწყებს.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ომიკრონით რეინფიცირების რისკი 5.4-ჯერ უფრო მაღალია და ის დელტა ვარიანტზე უფრო მსუბუქ ავადმყოფობას არ იწვევს. კვლევა ჯერ სამეცნიერო საზოგადოებას არ განუხილავს. აქამდე გამოქვეყნებული წინასწარი კვლევები ომიკრონით ინფიცირებისას შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომების განვითარებაზე მიუთითებდა.

პროგნოზიდან გამომდინარე Pfizer-ი 2-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინაციის სამდოზიანი რეჟიმის შემუშავებას გეგმავს.  Pfizer-ის მთავარი მეცნიერმუშაკის,  მიკაელ დოლსტენის თქმით, 16 წელს ზევით ადამიანებში ვაქცინის სამი დოზა უფრო მაღალ დაცულობას უზრუნველყოფს.

"შესაბამისად, გადავწყვითეთ, რომ პედიატრიული კვლევები შეგვეცვალა, [ვაქცინაციის] სერიისთვის მესამე დოზა დაგვემატებინა და ავტორიზაციაც სამდოზიანი სერიისთვის მოგვეპოვებინა ნაცვლად ორდოზიანი სერიისა". – თქვა დოლსტენმა.

ამ ცვლილებამ შესაძლოა 2-16 ასაკობრივი ჯგუფისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი გაახანგრძლივოს.

კორონავირუსის ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა. მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას.

ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა ვაქცინის სამი დოზა ომიკრონსაც ანეიტრალებს.

კომენტარები