სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია, თუმცა ადასტურებს, რომ ის კლინიკა ვივამედშია გადაყვანილი.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მას ინსულტი არ გადაუტანია.
მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, ის დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. იქ ჩატარებული კვლევების შედეგად ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
მსჯავრდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებულიყო, ის მოთავსებული იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით". - წერია პენიტენციურის განცხადებაში.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი 2-ჯერ გადაიტანა. სააკაშვილი ასევე წერს, რომ ზოდელავა ვივამედში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაიყვანეს.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 2026 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.




