COVID-19-ის ვაქცინა

ფაუჩი: ვაქცინაციის წყალობით, აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის გაზაფხულიდან დაუბრუნდება 

ენტონი ფაუჩი

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, ვაქცინაციის წყალობით, აშშ ნორმალურ ცხოვრებას, შესაძლოა, 2022 წლის გაზაფხულიდან დაუბრუნდეს. 

ფაუჩის განმარტებით, მთავარი ფაქტორი ვაქცინაციის ტემპია, თუკი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აიცრება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მაშინ საზოგადოებრივი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება, რაც ვირუსის გავრცელების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

მთავარ გამოწვევად ფაუჩი დელტა შტამს და COVID-19-ის ახალ ვარიანტებს ასახელებს, რომელთა გაჩენას და გავრცელებას ხელს უწყობს აუცრელი და დაუცველი მოსახლეობის არსებობა.  

"აუცრელმა მოსახლეობამ, შესაძლოა, ახალი, უფრო ძლიერი ვარიანტების გაჩენა გამოიწვიოს, რაც სიტუაციას გაართულებს". – თქვა ფაუჩიმ. 

23 აგვისტოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ [FDA] Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისას სრული ავტორიზაციის მიანიჭა.
 
ფაუჩის აზრით, ეს მოვლენა კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ვაქცინაციის ტემპს, რადგან აცრის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში მოსახლეობის ის ნაწილიც დარწმუნდება, რომელიც აქამდე საბოლოო ავტორიზაციას ელოდა. 

ამ მოსაზრებას იზიარებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. 

"თუკი თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ამბობდა, რომ იქამდე არ აიცრებოდა, სანამ ვაქცინა FDA-სგან საბოლოო ავტორიზაციას არ მიიღებდა, დადგა დრო, რომელსაც ელოდით. დროა, აიცრათ". – თქვა ბაიდენმა.

ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ს მოსახლეობის 70%-ზე მეტს მიღებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა მაინც, 60% კი სრულად აცრილია.


გადაუდებელი გამოყენებისთვის Prizer-BioNTech-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცეს. მას შემდეგ Pfizer-ის 200 მილიონ დოზაზე მეტი ამერიკაში უკვე გამოიყენეს, ხოლო მსოფლიოს გარშემო ასობით მილიონი დოზა უკვე ადმინისტრირებულია.

"საზოგადოებას შეუძლია მეტად დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს  უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, რასაც FDA მთავარ მოთხოვნად აყენებს პროდუქტის ავტორიზაციისთვის". – თქვა FDA-ის მოქმედმა კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

FDA-ის გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც სრული ავტორიზაცია მიიღო.

კომენტარები