პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე მოწვევა მივიღე – ვერ მივალ, თამაში გამოვა

მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი. საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე). ჯერ ერთი, ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ, ვითომც არაფერი, ისე ვიყო. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან. შეუძლებელია, ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან რომ იქ წავიდე, უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია "ნორმალურობის" და არა ნორმალური სიტუაცია რეალურად.

არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ. ასევე, არ ვაპირებ თავს დავესხა იმათ, ვინც ოპოზიციიდან წავა. დარწმუნებული ვარ, საზეიმოდ არ მიდიან და სწორი ჰგონიათ ასე.

წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". ხოშტარიამ 10 დეკემბერს დაწერა, რომ პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში ჩასართავად მზად იყო. 

კომენტარები