ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებათა "ინკლუზიურ პროცესის" შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ კარგი იქნება, თუ ამ პროცესში პირველი შეხვედრა გორის ჰოსპიტალში სამი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით გაიმართება.
"არ შემიძლია არ გავიხსენო, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მედიით გაჟღერებული წინადადება სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ იდეას სათანადო განვითარება ექნება და ამისთვის ყველაზე რელევანტურ და ყველა მხარისთვის სანდო ფიგურად სწორედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიმაჩნია. როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები. ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას.
ღრმად მწამს, ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს. ყველანაირი მცდელობა, უმცირესობის მიერ უმრავლესობის დაჩაგვრისა, რა მილიარდებით და სადამსჯელო რაზმებითაც არ უნდა იყოს ეს უმცირესობა აღჭურვილი, ატარებს სამოქალაქო დაპირისპირების უზარმაზარ საფრთხეს, და, გამორიცხული არაა, მიზნადაც ისახავდეს სწორედ ამას. ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი ეს უმძიმესი შედეგი ყველა ქართველი პატრიოტისთვის კატასტროფაა, ხოლო ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთისთვის, ჩვენი სამშობლოს მომავლის ერთადერთი სასურველი განვითარებაა". – წერს სააკაშვილი.
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.





