დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დუმის წევრი: თუ უკრაინული გემები ქერჩის სრუტის გარღვევას ეცდებიან, არა შესაშური ბედი ელით

უკრაინული გემი დონბასი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ოკუპირებული ყირიმიდან, მიხაილ შერემეტი უკრაინულ გემებს ემუქრება, თუ ისინი ქერჩის სრუტის გარღვევას ეცდებიან. 

მისი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ბრალდებას უკრაინის მიმართ, რომ მათი სამხედრო ხომალდი 9 დეკემბერს ქერჩის სრუტისკენ მიიწევდა. ФСБ-ს ბრალდებით, ქალაქი მარიუპოლის პორტიდან გამოსული ხომალდი დონბასი გადაადგილდებოდა ქერჩის სრუტის მიმართულებით და თავდაპირველად არ ასრულებდა კურსის შეცვლის მოთხოვნას. უკრაინული გემის ეკიპაჟმა რუსულ მხარეს შეატყობინა, რომ ქერჩის სრუტის მიმართულებით არ მიდიოდნენ და საბოლოოდ, მათი გემი უკან გაბრუნდა.

შერემეტის ბრალდებით, ამ შემთხვევის უკან თავად უკრაინის პრეზიდენტი დგას. 

"ამ პროვოკაციის უკან უკრაინის უმაღლესი ოფიციალური პირები დგანან. უკრაინის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, არაფერი მოხდებოდა. ქერჩის სრუტის გარღვევის მცდელობების, სურვილის ან იმიტაციის სახით გამეორების შემთხვევაში, უკრაინულ ხომალდებს არა შესაშური ბედი ელით. ჩვენი მესაზღვრეები, რუსული კანონმდებლობის ფარგლებში, მკაცრად იმოქმედებენ. ამიტომ, პასუხისმგებლობა უკრაინელი მეზღვაურების სიცოცხლეზე მთლიანად დაკისრებული იქნება უკრაინის მთავრობაზე, რომელიც მსგავს დანაშაულებრივ ბრძანებას გასცემს", – თქვა დუმის დეპუტატმა. 

2018 წელს უკრაინასა და რუსეთს შორის ვითარება დაძაბა ქერჩის სრუტეში რამდენიმე უკრაინული ხომალდისა და მათი მეზღვაურების რუსეთის მიერ დაკავებამ. რუსულმა მხარემ 9 დეკემბრის შემთხვევის შემდეგ ეს ისტორიაც გაიხსენა. 2019 წელს დაკავებული მეზღვაურები უკრაინას გადასცეს. 


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები