მიხეილ სააკაშვილი

რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე?

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ ორშაბათს, 29 ნოემბერს სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვის მორიგ პროცესს ფიზიკურად დაესწრება. მოსამართლე მიიჩნევს, რომ თუ ექიმთა კონსილიუმი შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ, ვერავინ გაბედავს მათ წინააღმდეგ წავიდეს. ლიანა ორკოდაშვილმა ამის შესახებ TV პირველის ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისაუბრა.

"რატომღაც მგონია, რომ კი [სააკაშვილი 29 ნოემბერს დაესწრება სასამართლო პროცესს]. უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად უკვე უკეთესად არის, რომ მას გადაადგილება შეუძლია, პლუს, რამდენიმე დღე დარჩა იქამდე. ალბათ, ვერავინ ვერ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია, არ მოიყვანონ. მაგრამ თუ არ მოიყვანეს, ჩვენ ისევ არ განვიხილავთ მის გარეშე. 

მე როგორც გავარკვიე, მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. პირიქით, ჩვენს ინტერესში შედის ყველანაირად, ადამიანურადაც და სამართლებრივადაც, სააკაშვილზე არც ვთქვათ, ზოგადად ვთქვათ, ყველა იმ ადამიანმა, რომლის მიმართაც საქმეს განვიხილავ, საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას მისცემს საშუალებას, ექიმებსაც ვუსმინე, როგორც ამბობენ, ფიზიკურად უკეთესად არის, მაგრამ ცოტა ფსიქიკური პრობლემებიო, ეს უკვე თვითონ უნდა გადაწყვიტონ, მით უმეტეს, ექიმების კონსილიუმიც არსებობს". – თქვა ორკოდაშვილმა

მისვე თქმით, ექსპრეზიდენტის საქმის გამორჩეულობიდან გამომდინარე, იგი წინააღმდეგი არ იქნება, რომ სააკაშვილმა პროცესზე პოლიტიკური განცხადება გააკეთოს. ორკოდაშვილის აზრით, ამის წინააღმდეგი არც მისი კოლეგა მოსამართლეები იქნებიან.

ინტერვიუსას ლიანა ორკოდაშვილმა ისაუბრა იმ კადრებზეც, რომელიც რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ასახავს. მოსამართლის თქმით, ნებისმიერი ადამიანის მიმართ ქცევა კონკრეტულ ფარგლებში უნდა ჯდებოდეს

"როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლესაც, ძალიან მძიმე, ძალიან განვიცადე, იმიტომ, რომ მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს. რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო". – ამბობს მოსამართლე.

ორკოდაშვილის აზრით, უნდა გამოიკვლიონ და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა, რასაც ექსპრეზიდენტის ადვოკატები წამებას უწოდებდნენ.

"ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ამ დროს ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ შენ მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, მაშინ, რა თქმა უნდა, მას მიცემა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია". – თქვა მოსამართლემ.

ლიანა ორკოდაშვილმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე და თქვა, რომ მოსამართლეების მიერ ექსპრეზიდენტისთვის წინასწარი პატიმრობის მოხსნის შემდეგ, შეწყალების შემთხვევაში, სააკაშვილი ციხეს მაშინვე დატოვებს. 

"თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება, რაც ხდება ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ და შეიწყალოს ის, ჩვენ რომ პატიმრობა არ გაგვეუქმებინა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ მას შეიწყალებს, მას ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთა აღარ აქვს და ის გარეთ იქნება". – თქვა ორკოდაშვილმა.


20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექიმებისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უმჯობესდება და მას 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. 

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესებზე მისცეს.

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები