მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: სააკაშვილის მკაფიო პოზიციაა, რომ მას სურს 29 ნოემბერს დაესწროს პროცესს

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასიალაის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ სურს დაესწროს 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს.

ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული ვერცერთი საწინააღმდეგო არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაესწროს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომას, ვალიდური ვერ იქნება, მათ შორის, ვერც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითება. 

"მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ 29 ნოემბერს დაგეგმილ პროცესზე მას მონაწილეობის მიღება სურს. ის ითხოვს პროცესზე დასწრების უფლების რეალიზაციას. შესაბამისად, მის ავადმყოფობაზე მითითება არ იქნება მისი არგადაყვანის საფუძველი. ეს არ იქნება სამართლებრივად საკმარისი. ან მეორე, ხელისუფლებამ შეიძლება, თქვას, რომ რადგან აქციაა დაანონსებული სასამართლოსთან, ამის გამო არ გადაჰყავთ. ეს შეკრება იქნება უაღრესად მშვიდობიანი, მსგავსი შეკრებები სასამართლო პროცესებისას იმართება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს და ბრალდებულები პროცესებს ესწრებიან. 

ამიტომ, ეს მიზეზები არ შეიძლება, იქნეს ყურით მოთრეული იქნება ხელისუფლებისგან და იქნება შიშის დემონსტრაცია მათი მხრიდან". – თქვა ბექა ბასილაიამ. 

პარალელურად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად უკვე მე-4 დღეა არ უშვებენ პარლამენტის დეპუტატს, აკაკი მინაშვილს. მიხეილ სააკაშვილმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მკურნალობაზე ისევ უარს იტყვის. 

ბექა ბასილაია იმედს იტოვებს, რომ დღის ბოლომდე "ხელისუფლება გონს მოეგება" და დეპუტატებს ექსპრეზიდენტის ნახვის საშუალებას მისცემს. 

"თვითმიზანი არ არის ჯანმრთელობის დაზიანება და მკურნალობაზე უარი". – თქვა ბექა ბასილაიამ. 

ექსპრეზიდენტი ამ დრომდე გამართულ არცერთ სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ვინაიდან პენიტენციური სამსახური მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარს ეუბნებოდა. 

კომენტარები