კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

კომუნიკაციების კომისია: ჩვენ მიმართ მუქარა და ბულინგი კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სირცხვილიას კლიპის ეთერში განთავსების გამო მთავარი არხის 111 903 ლარით დააჯარიმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

კომისიის თქმით, სიცრუეა არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო კომისიის თანამშრომლების მიმართ მუქარა და ბულინგი კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის. 

"ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოსდა კომისია მთავარი არხის დაჯარიმების შესახებ 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. სიცრუეა არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მთავარი არხის წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებისა და
თანამშრომლების მისამართით გაკეთებული მუქარისა და ბულინგის შემცველი
განცხადებები. აშკარაა, რომ აღნიშნული კომისიის თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და კომისიის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მცდელობები, კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს". – წერია განცხადებაში

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სირცხვილიას კლიპის ეთერში განთავსების გამო მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებლის განმარტებით, ვიდეო კლიპი პოლიტიკური შინაარსისაა და, შესაბამისად, არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიას მისი გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა. 

კლიპში, რომლის გამოც მთავარი არხი დაჯარიმდა, ქართული ოცნების წევრებისა და ლიდერების ფოტოებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახის გამოსახულება იქმნება. 

"ეს იყო ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 000 ლარი". - ამის შესახებ მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სირცხვილიას კლიპის ეთერში განთავსების გამო ჯარიმის თაობაზე. 

კომენტარები