კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

111 903 ლარი სირცხვილიას კლიპის გაშვებისთვის – კომუნიკაციების კომისიამ მთავარი დააჯარიმა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სირცხვილიას კლიპის ეთერში განთავსების გამო მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ავრცელებს. მარეგულირებლის განმარტებით, ვიდეო კლიპი პოლიტიკური შინაარსისაა და, შესაბამისად, არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიას მისი გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა. 

კლიპში, რომლის გამოც მთავარი არხი დაჯარიმდა, ქართული ოცნების წევრებისა და ლიდერების ფოტოებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახის გამოსახულება იქმნება. 

მარეგულირებლის მიერ მთავარი არხი ასევე დაჯარიმდა ვიდეოების სერიის ეთერში გაშვების გამოც, სახელწოდებით კლავს. ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. 

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მთავარ არხს უთხრა, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არასაარჩევნო პერიოდში გაუშვიო და ამისთვის 111 903 ლარით დააჯარიმა. 

ჯერ რამდენად სწორად გადაწყვიტა სამართალდარღვევის საკითხი, ერთია, მაგრამ სულ რომ მართლები ყოფილიყვნენ, 10 000-ითაც შეეძლოთ, მაგრამ არა, 111 903 ლარით დააჯარიმეს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ არჩევნები გადააგორეს. თითქმის ყველა პროცესი გადატეხეს და ახლა გადამწყვეტი შეტევის დროა. უნდა განადგურდეს კრიტიკული აზრი. კარგად იციან, რომ ესეც გაუვათ, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ერთი შეხედვით რომ გვეგონა, არ გაუვიდოდათ". – წერს ედუარდ მარიკაშვილი. 

კომენტარები