კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

"აუცილებელიც კია, კანონმდებლობა შეიცვალოს" – ბექაურს მედიის რეგულირება სურს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური უკმაყოფილოა ქართული კანონმდებლობით, რომელიც მაქსიმალურად იცავს გამოხატვის თავისუფლებას და მედიას თვითრეგულირების რეჟიმში ტოვებს. 

გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის გადაცემა კიდობანში სტუმრობისას კახა ბექაურმა და გადაცემის წამყვანმა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი სახიფათო ინიციატივები გააჟღერეს. მარეგულირებლის თავმჯდომარეს სურს, კანონმდებლობით აიკრძალოს "სიძულვილის ენა" და ფაქტების დამახინჯება. 

"დღეს ჩვენს კანონმდებლობაში ეს საკითხი არ არის დარეგულირებული, ანუ ტყუილზე, დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე მედიის პასუხისმგებლობა არ არსებობს. მაგრამ შეიძლება, თუ არა, რომ მოეთხოვოს მას პასუხი, ჩემი აზრით, არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კი არის, რომ ამ თვალსაზრისით ქართული კანონმდებლობა შეიცვალოს". – თქვა კახა ბექაურმა 3 დეკემბერს. 

მარეგულირებლის თავმჯდომარის თქმით, ასეთი სტანდარტის გარეშე დღევანდელი მედიიდან "დეზინფორმაციისა და სიძულვილის ნიაღვარი" მოედინება და არცერთი მედიასტანდარტი დაცული არ არის. მისივე შეფასებით, ფაქტი, რომ ერთი ტელევიზია კონკრეტული ჯგუფის ინტერესს ატარებს და ცდილობს, რომ საკუთარი მოსაზრება ფაქტად გაასაღოს, მეორე მხარესაც აიძულებს, ასევე მოიქცეს, რადგან ხედავს, რომ რეგულაციები არ არსებობს. საბოლოო ჯამში, მარეგულირებლის თავმჯდომარის შეფასებით, ამ ყველაფერს მედიაგარემო პოლარიზაციამდე მიჰყავს. 

"პრაქტიკულად ამ მექანიზმების არარასებობამ კანონმდებლობაში, რითიც საშუალება მიეცა ტელევიზიებს, რომ ფაქტი დაემახინჯებინათ და არ დასჯილიყვნენ, მოსაზრება აერია ფაქტში და ეს არ დასჯილიყო. საწინააღმდეგო აზრი დაებლოკა. ამან წარმოშვა სხვა მედიასაშუალებებშის საწინააღმდეგო ეფექტი და მივედით აქამდე. საბოლოო ჯამში ამის გამოსავალი, რომ თქვენს მედიაშიც, სხვა მედიაშიც ყველა მხარემ იაროს, უკან უნდა დავბრუნდეთ. ანუ უნდა შემოვიღოთ ის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესს ან დღის წესრიგს კი არ მოემსახურება და ჭიდაობა კი არ წავა და ერთმანეთის შეურაცხყოფა, არამედ ყველა მედია ამ მინიმალურ სტანდარტს მაინც დაიცავს. კერძოდ იმას, რომ აღარ იქნება აღარ იქნება მისი ეთერიდან სიძულვილის ენა, ფაქტებს მაქსიმალური სიზუსტით მიაწვდის მაყურებელს, არ აურევს მოსაზრებას ფაქტში და განსხვავებული მოსაზრებას ტირაჟირებას გაუწევს. 

ამ მინიმალური სტანდარტის ვალდებულება თუ იქნება, ეს ტემპერატურა დაცხრება, ეს ემოციები დაცხრება და რომ დაინახავს საზოგადოების ყველა ჯგუფი, პოლიტიკური პარტიები, ისინი უკვე ყველა ტელევიზიაში ივლიან, იმიტომ, რომ როდესაც დაინახავენ, რომ მინიმალური სტანდარტები დაცულია ამა, თუ მედიასაშუალებაში, ყველას მოუნდება ჯანსაღ დებატში, წყნარად არგუმენტებით საუბარი". – თქვა კახა ბექაურმა. 

კომენტარები