ავღანეთი

ავღანელი ქალი National Geographic-ის ცნობილი ფოტოდან იტალიამ შეიფარა

იტალიის მთავრობის თანახმად, National Geographic-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გარეკანზე გამოსახული ავღანელი ქალი - შარბათ გულა იტალიამ დასავლეთის მიერ ავღანელების ქვეყნიდან ევაკუაციის პროგრამის ფარგლებში შეიფარა

იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის წარმომადგენლების თანახმად, იტალიამ შარბათ გულას ევაკუაცია მას შემდეგ მოახდინა, რაც მან ქვეყნის დასატოვებლად დახმარება ითხოვა.

გულა საერთაშორისოდ ცნობილი, როგორც ავღანელი ლტოლვილი ქალი 1984 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფ სტივ მაკკერის მიერ გადაღებული ფოტო National Geographic-ის გარეკანზე დაიბეჭდა. 

2014 წელს შარბათ გულას პაკისტანში ყალბი პირადობის მოწმობის შეძენა დაედო ბრალად, რის შემდეგაც ის ქაბულში გადავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა სასახლეში მიიღო და ახალი ბინის გასაღებიც გადასცა.

2021 წლის აგვისტოში აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები