პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე ბათუმსა და ზუგდიდზე: ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში არჩევნების არსი მოკლა

მამუკა ხაზარაძე

"ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში არჩევნების არსი მოკლა". - ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში მიმდინარე დაპირისპირებას. ხაზარაძის შეფასებით, მმართველი პარტია მხოლოდ ერთი მიზნის აღსრულებაზე ზრუნავს - ცდილობს, ძალაუფლება "ყველა მეთოდითა და საშუალებით" შეინარჩუნოს.  

"მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანაში მოკლა არჩევნების არსი. ქართულმა ოცნებამ, პრაქტიკულად, აზრი დაუკარგა დემოკრატიას და გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის აღსრულებაზე - ყველა მეთოდითა და საშუალებით ძალაუფლების შენარჩუნებაზე. არცერთ ცივილურ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველო არ მიეკუთვნება ქართული ოცნების ხელში, არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ უკვე არჩეული მომავალი საკრებულოს ბიუჯეტი. ეს არის ნონსენსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება და სწორედ ეს უნდა ქართულ ოცნებას.  

ეს არის რუსული ტიპის მმართველობა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქართული ოცნების პოლიტიკა, რომ ამ ქვეყანაში სულ ასეთი არეულობა იყოს, იმიტომ, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა დღეს საქართველოში არის არა ოპოზიცია, როგორც ქართული ოცნება ცდილობს, რომ მოახვიოს საზოგადოებას, არამედ არის თვითონ ქართული ოცნება, იმიტომ, რომ ის, რაც ხდება დღეს ზუგდიდსა და ბათუმში, არის უხეში დარღვევა ყველა ნორმის, ყველა შინაარსის და ყველა აზრის, რაც კი შეიძლება დემოკრატიას ჰქონდეს. ამა ძალიან წყნარად, მტკიცედ დავუპირისპირდებით, იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას ამ ქვეყანას ბოლომდე არ ჩავაბარებინებთ რუსეთს". - ამბობს ხაზარაძე. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა. 

ბათუმის საკრებულოში პროსტესტს ასევე წინ უძღოდა 24 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საკრებულოში მათი არჩეული დეპუტატისგან, ნუგზარ ფუტკარაძისგან ორი ადამიანი პარტიის დატოვებას და საკანონმდებლო ორგანოში "ნეიტრალურობის" შენარჩუნებას მოითხოვს. ენმ-ს ლიდერების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძეს შესთავაზეს თანხაც, 100 000$-ის ოდენობით, სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლაზე გადავიდნენ. მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძესთან აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ენმ-ს სამი ადგილობრივი ლიდერი გამოკითხა

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს-ს ცნობიოთ, გამოძიება იმავე დღესვე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები