მიხეილ სააკაშვილი

სენატორები: სააკაშვილი, როგორც ყველა პატიმარი, ღირსეულ და სამართლიან მოპყრობას იმსახურებს

ოთხი ამერიკელი სენატორი - ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს საერთო განცხადებით გამოეხმაურა.

ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინონ დამოუკიდებელი მედიკოსთა ჯგუფის რჩევები და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

"ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაციას და მკურნალობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ საქართველოში ბატონი სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ პოლარიზებას გააღრმავებდა, ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება.

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევების გათვალისწინებით, გადაუდებლად, ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ჩვენ ახლოს ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის", - წერენ სენატორები.

სენატორები ასევე ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული ზიანით, ან უარესით დასრულება, ქვეყნის დემოკრტიულ მისწრაფებებზე ცუდად იმოქმედებს.

"ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას და გაითვალისწინოს ამ სიტუაციის გავლენა, საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ახლა დროა პოლიტიკური განსხვავებები ქართველი ხალხის სასარგებლოს გვერდზე გადაიდოს. სიტუაციის ყოველდღიურად დამძიმებასთან ერთად, იზრდება ასევე არასწორი გათვლების გაკეთების რისკებიც, რომელიც შეიძლება ბატონი სააკაშვილის სერიოზული ზიანით ან უარესით დასრულდეს. მსგავს ტრაგედიას, საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ექნება.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით", - წერია განცხადებაში.


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები