მიხეილ სააკაშვილი

"მართლმსაჯულება ემალება სააკაშვილს" – სასამართლო პროცესზე სააკაშვილი ისევ არ მიიყვანეს

საქალაქო სასამართლოში პროცესზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დასწრების უფლება კვლავ არ მისცეს. ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, "მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს ემალება".

"არ გვინახავს აქამდე შემთხვევა, რომ, პირიქით, სასამართლო და სახელმწიფო ემალებოდეს "ბრალდებულს". ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში ვართ ახლა, როდესაც სახელმწიფოს, რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. 45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში და ერთხელ ვერ მოიყვანეს სასამართლო შენობაში, ანუ ემალება მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მაშინ, როდესაც ქართული ოცნების მთავარი მესიჯი მთელი 9 წელის განმავლობაში იყო ის, რომ სააკაშვილი უნდა წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე". – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროცესის დაწყებამდე.

დღეს, 16 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავენ.

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

კომენტარები