მიხეილ სააკაშვილი

"N18 დაწესებულებაში ყველა რესურსია სააკაშვილის სამკურნალოდ" – პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისთვის. უწყება ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც სამკურნალო დაწესებულების აღჭურვილობაზე საუბრობენ.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ №18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა ჩაუტარდეს. ამიტომ, საუბარი დაწესებულების არასათანადო სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესახებ გაზვიადებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

გაცნობებთ, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ახორციელებს სხვადასხვა სპეციალიზირებულ სერვისებს. კლინიკას გააჩნია საჭირო აპარატურით სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია დიაგნოსტიკა როგორც კლინიკური და ბიოქიმიური, ასევე იმუნოლოგიური და სეროლოგიური მიმართულებით". – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის, საანესთეზიო აპარატით, კარდიომონიტორით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვა.

"დაწესებულებაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიზნით, შეუფერხებლად ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაცია. ასევე, დამონტაჟებულია კომპიუტერული ტომოგრაფი და ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი. დაწესებულებაში შესაძლებელია ჩატარდეს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სპირომეტრია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (სამკურნალო) დაწესებულება შეუფერხებლად, ცენტრალიზებულად მარაგდება ჟანგბადით და ამისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური "ქარხანაც" ფუნქციონირებს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულების/მსჯავდებულების ჯანმრთელობის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფილია კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი საშუალებით (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სადეზინფექციო ხსნარი და სხვ.)

"დაწესებულების პერსონალს ინტენსიურად, ყოველკვირეულად უტარდება PCR ტესტირება, ასევე შუალედური ტესტირება სწრაფი/მარტივი მეთოდით". – აცხადებს პენიტენციური.


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები