მიხეილ სააკაშვილი

მინისტრი: ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო აღჭურვილია ყველა საჭიროებით და იქ ექსპრეზიდენტი უსაფრთხოდაა. 

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით", ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში განაცხადებს, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სააკაშვილი უკვე მე-8 დღეა, რაც გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმთა ჯგუფის ის ამ დრომდე არცერთხელ უნახავს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწოდებს საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას". –თქვა რატი ბრეგაძემ. 

მინისტრი ამტკიცებს, რომ პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებას ყოველთვის პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, "გლდანის მე-18 დაწესებულებაში კი ერთიცა და მეორეც უმაღლეს დონეზეა დაცული". რატი ბრეგაძემ ყოფილ პრეზიდენტს ასევე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციისთვის. 

"შეგახსენებთ, აღნიშნული სამკურნალო დაწესებულება, სრული ინფრასტრუქტურული, თუ საკადრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. ამის გამო მოვიწვიეთ ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევს". – თქვა რატი ბრეგაძემ. 

15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, 14 ნოემბერს კი ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ შექმნილი კონსილიუმი. 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები