მიხეილ სააკაშვილი

მკურნალობს თუ არა – პენიტენციურის და ციხის ექიმის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია

პენიტენციურმა სამსახურმა არც 15 ნოემბრის სხდომაზე გადაიყვანა მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში და ერთერთ მიზეზად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის" - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

თუმცა, წინა დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა საჭირო მედიკამენტს იღებს.

"მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარებს სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - თქვა მანანა ელეფტეროვამ.


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 46-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერსვე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები