მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ექიმებმა ქუთაისში აქცია ჩაატარეს

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ქუთაისში ექიმებმა აქცია გამართეს. 

"შიმშილობა საკმაოდ რთული პროცესია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყველა ექიმს აქვს პოზიციის გამოხატვის უფლება. მე დღეს გადაწყვიტე, რომ ამის მოთმენა შეუძნებელია, ის დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში არის ჩემთვის მიუღებელია და ეს გადის ჩემს პროფესიული საქმიანობის ღირსებაზე და მე არ მქონდა უფლება სახლში ვმჯდარიყავი და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა ოფიციალურად, იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებში გამოხატული პოზიცია არ არის საკმარისი". – ამბობს კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვასაყმაძე

ერთ-ერთი ექიმის, ნატალია გაბუჩაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ აქვს სიცოცხლისთვის შეუსაბამო სისხლსდენის ნიშნებით გამოხატული პათოლოგია, რაც მოითხოვს ქირურგის ჩარევას. 

"მოგეხსენებათ, დღეს არის შიმშილობის 46-ე დღე და ჩემთვის, როგორც ენდოკრინოლოგისთვის, საგანგაშო ნიშანი იყო, როდესაც გავიგე, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ყავისფერი მასებით პირღებინება. ეს არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სისხლდენის ნიშნებით გამოხატული პათოლოგია. ამიტომ, ეს მოითხოვს არა მარტო ენდოსკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, რეანიმატოლოგის, ასევე აუცილებლად მოითხოვს ქირურგის ჩართულობასაც, აქტიური სისხლდენა არ არის ისეთი პათოლოგია, რომელიც თერაპიულმა პროფილმა უნდა მართოს. ეს იყო ჩემთვის ის საგანგაშო ნიშანი, როდესაც გაჩუმება აუცილებლად არის დანაშაულის ტოლფასი". – თქვა ნატალია გაბუჩაძემ

 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 46-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

 

კომენტარები