მიხეილ სააკაშვილი

EPP: მიხეილ სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში

ყველაზე დიდი ჯგუფი ევროპარლამენტში (EPP) საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, მას სამედიცინო დახმარება სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში აღმოუჩინონ.

"ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების გამო და როგორც ადამიანის, რომლის წინააღმდეგაც სასამართლო პროცესი იმართება. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში". - აცხადებს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, EPP ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი.

"საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო კონსილიუმი - სპეციალური ორგანო, რომლის მიზანია გააკონტროლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ". - წერს გალერი.


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები