მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ექიმი: მდგომარეობა უარესია, ვიდრე გუშინ, ასე გაგრძელება შეუძლებელია

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ დღეს, 11 ნოემბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა “იყო უარესი, ვიდრე გუშინ”. ყიფშიძე ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, შეხვდეს ექიმებს და მიიღოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. 

“პრეზიდენტის მდგომარეობა დღეს იყო უარესი, ვიდრე გუშინ. გავატარე რამდენიმე საათი, რადგან ერთ-ერთი მაჩვენებელი, კალიუმი იყო ძალიან დაბალი - კრიტიკულ დონეზე იყო. შევძელით მისი აწევა სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ ეს მოხდა გადასხმის გარეშე. წესით, ამას ჩვენ ვაკეთებთ გადასხმის საშუალებით, მაგრამ, იმის გამო, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს აქ მკურნალობაზე, მოგვიხდა წამლის გამოყენება. ასევე, პრობლემები აქვს წნევასთან, ახლა რომ ვნახე, ნამდვილად მაღალი წნევა ჰქონდა და ამიტომ დამჭირდა კიდევ საკმაო ხანი იქ ყოფნა. 

ჩემთვის, როგორც მკურნალი ექიმისთვის, არაფერი არ შეცვლილა. სტრასბურგმა 7 საათში მოგვწერა თავისი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ იგრძნეს, ეს სასწრაფოა. ჩემთვის დღეს არაფერი არ მოხდა, ზუსტად იქ ვართ, სადაც ვიყავით დილით, მკურნალობას არ იღებს და არაფერი არ ხდება. ასე გაგრძელება შეუძლებელია, მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს ექიმებს, შეხვდეს კონსილიუმს, ძველ კონსილიუმს და გადაწყვიტონ, რას ვუშვებით პრეზიდენტს - გადაგვყავს მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში თუ არა”. - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები