მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ექიმი: პრობლემა უფრო რთული ხდება, ციხეში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და მისი მკურნალობა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში "პრაქტიკულად, შეუძლებელია". 

"პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ახლა იყო კიდევ ერთი კონსილიუმი დანიშნული, იყო ნევროპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. ჩავატარეთ კონსილიუმი, გავსინჯეთ, აღმოჩნდა, რომ კიდევ საჭიროა 3 დამატებითი კონსულტანტის გამოძახება - ეს არის ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი და კარდიოლოგი. პრობლემა უფრო და უფრო რთული და რთული ხდება. მე ნამდვილად არ ვიცი, ამ ორგანიზაციაში როგორ გავაგრძელოთ ეს მკურნალობა, ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. 

დღეს მოვიყვანეთ 2 სპეციალისტი - ერთია ნევროპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. დაახლოებით, 2 საათი ვუყურებდით ავადმყოფს. ამ ყველაფერს დამატებითი აპარატურა სჭირდება, აღმოჩნდა, რომ სინუსიტი შეიძლება ჰქონდეს, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. სინუსიტი არის ანთება. შეიძლება, ჰქონდეს შუა გულის ანთება, რომელმაც სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს და ა.შ. მინიმუმ, ხვალ უნდა დავუმატოთ 3 სპეციალისტი. ისინი რომ მოვლენ ხვალ, თვალის ექიმს ხომ თავისი აპარატურა სჭირდება? საიდან მოვიტანო? 21-ე საუკუნეში შეიძლება ასე მკურნალობა? დავანებოთ თავი პრეზიდენტია თუ არ არის, უბრალო ადამიანიც რომ იყოს, შეუძლებელია". - ამბობს ყიფშიძე საპატიმროს დატოვების შემდეგ. 

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 36-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.    

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი პირველად 24 ოქტომბერს შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 4 ნოემბერს სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-3 დღეა შიმშილობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კი რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქციები იმართება. 

კომენტარები