მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბრეგაძე: ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, სასამართლოზე სააკაშვილი ციხიდან არ გაიყვანონ

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე მათი "მკაცრი რეკომენდაციაა", ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან არ გაიყვანონ. ბრეგაძე ამბტკიცებს, რომ რეკომენდაციას სააკაშვილის უსაფრთხოებისა და "გარკვეული პროვოკაციის" თავიდან არიდების მიზნით გასცემენ. 

"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში შესაძლო იყო, ამ პროცესისთვის შეეშალათ ხელი. აქ იქნებოდა ჩართული, დაახლოებით, 500-600 ადამიანი, როგორც განცხადებაში იყო საუბარი და, ბუნებრივია, ჩვენ ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. მათ შორის, ბატონმა პრემიერმინისტრმაც ერთ-ერთ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლო იყო, დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და სხვადასხვა სახის უამრავი დესტაბილიზაცია. ბუნებრივია, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და პატიმრის უსაფრთხოება იქნება ბოლომდე დაცული. 

შეკითხვაზე, რომელიც ეხება იმ საკითხს, გაყვანილი იქნება თუ არა ის სასამართლო დარბაზში, გიპასუხებთ შემდეგს - ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მართლმსაჯულებას, ხელი არ შეეშლება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში". - ამბობს ბრეგაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ბრეგაძე ამბობს, რომ არსებობს მოსამართლის საპატიმროში მისვლის პრაქტიკა და, მისივე სიტყვებით, შესაძლოა, სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილასაც. 

"ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან, იმიტომ, რომ, როგორც მოგახსენეთ, აქ, შეიძლება, საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ მართლწესრიგი. ჩვენ ისედაც დავღალეთ საზოგადოება ამდენი საუბრისგან და თუ სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს? ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ? არ შეიძლება, მთელი რესურსი მიმართული იყოს ერთი ადამიანის დაცვაზე". - ამბობს ის.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 36-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.     

კომენტარები