არჩევნები 2021

"სააკაშვილის ეტაპირებისას გეგმავენ ქაოსს" – სუს-მა "შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუს-მა აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელიც მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. გავრცელებულ მასალებში, უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ენმ-ს წევრები "დესტრუქციულ ქმედებებზე" საუბრობენ. სუს-ის განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

"გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

მსგავსს ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც" - აცხადებს სუს-ი და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ უკვე აცნობეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

"აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებულები, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში მისვლაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს  უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა, მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას"

გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 29-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტიის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები