ჭყონდიდის ეპარქია

სალხინოს მონასტერში განკვეთილ სასულიერო პირებს არ უშვებენ – რამდენიმე პოლიციამ გაიყვანა

ინტერპრესნიუსი

სალხინოს მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს არ უშვებენ. რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ისინი მედიასთან ყვებიან, მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის მონასტერში დილით, 6 საათზე მივიდა და სასულიერო პირების ნაწილს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სალხინოს მონასტერში ხმაურია - ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. 

"არავინ არ შეგვიშვეს დილიდან. ჩვენ არ ვართ განკვეთილები, მე ვარ აქაური მკვიდრი, ჭყონდიდელი ვარ. ის ჩოხოსანი არ არის ჭყონდიდელი, ჩოხოსნები არიან არაადამიანები, 6 საათზე დააცვივდნენ ბერებს თავზე და ეკლესიიდან გამოყარეს". - ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა მონასტრის დატოვებაზე ისინი უარს ამბობდნენ.  

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები