არჩევნები 2021

მდინარაძე: გადათვლით, არჩევნების შედეგები ზუსტად ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის შედეგები "პრაქტიკულად, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას".  მდინარაძის ინფორმაციით, 1 832 უბნიდან 259 უბანია გადათვლილი, რაც 14%-ს შეადგენს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებს. უნდა ვთქვათ, რომ კვლავ არ დატოვა სივცე ვინემ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის სერიოზულ ხარვეზებზე იმანიპულიროს. 

[...] თბილისში ჩვენს კანდიდატს, კახა კალაძეს დაემატა 13 ხმა, რაც ხმების, დაახლოებით, 0.005%-ია. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატნს, ნიკანორ მელიას დააკლდა 11 ხმა, რაც, დაახლოებით, იგივე პროცენტს შეადგენს. ბათუმში არჩილ ჩიქოვანს დაემატა 1 ხმა, გიორგი კირთაძესაც - 1 ხმა. ზუგდიდში მამუკა წოწერიას დაემატა 1 ხმა, ანზორ მელიას - არცერთი. ქუთაისში დეკანოიძეს არცერთი ხმა, ხახალეიშვილს - 2 ხმა დაემატა. გადათვლებით ყველაზე მეტი, 34 ხმა დაემატა გიორგი ნემსაძეს ცაგერში. მისი ხმები ჩათვლილი იყო ბესარიონ ბენდელიანის სასარგებლოდ. შესაბამისად, ბენდელიანს დააკლდა 34 ხმა. საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ ცვლილებები გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები, პრაქტიკულად, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას". - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძე მადლობას უხდის ცესკო-ს "არჩევნების კარგი ადმინისტრირებისთვის" და საზოგადოებას, "რომელმაც ეს გამარჯვება უზრუნველყო".  

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები