არჩევნები 2021

ცესკო: კიდევ 58 საარჩევნო უბანი გადაითვალა – გავლენა არ მოუხდენია მეორე ტურის შედეგებზე

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა, თუმცა, ცესკოს პრესსპიკერის თქმით, გადათვლას არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.

კომისიის ინფორმაციით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა. მათ შორის, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, ქართულ ოცნებას დააკლდა 5 და დაემატა 39 ხმა, გახარია – საქართველოსთვის დააკლდა 34 ხმა.

"აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო 2-2 უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადათვლილიყო ყველა მათგანი. დანარჩენი 6 უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს". – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ცესკომ ასევე გადათვალა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 201 უბანზე გადათვალა. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გადათვლის შედეგად ზოგიერთ უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები