არჩევნები 2021

"ბრძოლა გუშინ მხოლოდ დაიწყო" – დღეს, 19:00 საათზე ოპოზიცია პარლამენტთან აქციას გამართავს

ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე
ტაბულა

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე პარლამეტთან ოპოზიციური პარტიები აქციას გამართავენ. ამის შესახებ ლელოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ისაუბრა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ჩატარდა ტოტალური ძალადობის ფონზე, სადაც ტოტალური გაყალბება მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. 

"გუშინდელი უმძიმესი დღის შემდეგ. ვიტყოდი, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა-მეთქი, მაგრამ ეს რომ ვთქვა, უნდა ვიგულისხმო, რომ არჩევნები ტოტალურად გადაწერეს, რაღაც მანიპულაციების მეშვეობით პროცენტები შეცვალეს, მაგრამ ეს უბრალოდ ტოტალურად გაყალბებული არჩევნები კი არ იყო, ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი, რაც იკადრეს, იყო ტოტალური გაყალბება. ბევრი სხვა რამეც იკადრეს. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ახლა, უპირველეს ყოვლისა, მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ გუშინდელი აქტიურობისთვის, თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის. 

გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო. არცერთი თავმოყვარე საქართველოს მოქალაქე, იმის შემხედვარე, რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა, არ აპირებს შეგუებას. აპირებს ურყევ ბრძოლას, ძალიან მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მტკიცედ". – თქვა ნიკა მელიამ. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 

კომენტარები