არჩევნები 2021

ღარიბაშვილი IPSOS-ზე: ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ჩვენთვის საინტერესო არაა

პრემიერმინისტ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი უნდობლობას უცხადებს მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია IPSOS-გლობალის ჩატარებული კვლევას, რომელიც გუშინ, 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ღარიბაშვილი ჩატარებულ კვლევას გაყალბებულს უწოდებს.

"არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც უკვე ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია. ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩვენთვის.

ეს, რა თქმა უნდა, მორიგი უსუსური მცდელობა, საცოდავი მცდელობაა იმისა, რომ გუშინდელი მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება გადაეფარათ რაიმენაირად და ამ ყველაფერს ძალიან მალე, 2 დღეში საზოგადოება იხილავს, რომ მე-2 ტურები დასრულდება, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვებით". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

IPSOS-გლობალის ჩატარებული კვლევა გუშინ მთავარმა არხმა გამოაქვეყნა. გამოკითხვა იმ ხუთ ქალაქში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასს აღემატება: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

ხუთივე ქალაქში კითხვა ასე იყო ფორმულირებული - მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

თბილისი:

  • ნიკა მელია - 48.4%
  • კახა კალაძე - 51,6%

ზუგდიდი:

  • ანზორ მელია - 54.7%
  • მამუკა წოწერია - 45.3%

რუსთავი:

  • დავით კირკიტაძე - 53.1%
  • ნინო ლაცაბიძე - 46.9%

ქუთაისი:

  • ხატია დეკანოიძე - 51.7%
  • იოსებ ხახალეიშვილი - 48.3%

ბათუმი:

  • გიორგი კირთაძე - 51.3%
  • არჩილ ჩიქოვანი - 48.7%

კვლევა IPSOS-გლობალმა მთავარი არხის დაკვეთით ჩაატარა. 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხეს 18 წელს ზემოთ ასაკის 2 600 რესპონდენტი. შედეგები ემყარება ყველა გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია. 

კომენტარები