ვაკის პარკი

კალაძე: ვაკის პარკის კასკადი ისეთი იქნება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს – გვახსოვს სილამაზე

დედაქალაქის მერმა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. მისივე თქმით, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე მიმდინარეობს.

კალაძე ამბობს, რომ ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი და დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი.

კალაძის თქმით, პარალელურად, იწყება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. მისი თქმით, კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც.

"რითიც გამოირჩეოდა ვაკის პარკი, ეს იყო იქ არსებული კასკადი, რომელიც დღეს ამორტიზირებულია, დანგრეული, განადგურებულია და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. განახლების სამუშაოები დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოპირკეთდება არსებული სივრცე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც და იქნება როგორც ეს წლების წინ - საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. გვახსოვს, როგორი სილამაზე იყო, როდესაც წყალი ჩამოედინებოდა ამ კასკადზე. თავისი განათების სისტემებით, ყველანაირად იქნება განახლებული და მოწესრიგებული. უახლოეს მომავალში ესეც იქნება დამთავრებული და მთლიანად შეიკვრება პროექტი".- ამბობს კალაძე. 

მისივე თქმით, რეაბილიტაცისთვის 17 მლნ 600 ათასი ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით, 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები